logo
ENG



"ზეწოლა არ ყოფილა, ისედაც ვიცით, როგორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ" - ტურავა იმპიჩმენტზე

16 ოქტ 202311:27
3 წუთის საკითხავი
 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები 12 საათის შემდეგ შეიკრიბებიან, გადაწყვეტილება კი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. ის არ აკონკრეტებს დროს.

"გადაწყვეტილების გამოცხადების დღეა 16 ოქტომბერი. მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, ამის შემდეგ დაახლოებით 2 საათი სჭირდება, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი, ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოცხადდება, რამდენიმე საათში დღის განმავლობაში გამოქვეყნდება", - აცხადებს ტურავა.

ტურავას თქმით, დოკუმენტის ხელმოწერით მოსამართლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც "სამართლებრივად დასაბუთებული იქნება". ჟურნალისტებთან საუბრისას ის ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი სამართლებრივად "გადასაწყვეტად განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული არ იყო".

"რა თქმა უნდა, ცნობილია, ჩვენ შევიკრიბეთ, ვითათბირეთ. ჩვენ ვიცით ერთმანეთის პოზიცია, თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება დოკუმენტს, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება. [...] ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა, შეიძლება, თავისი მნიშვნელობით დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის არ იყო განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული. როგორიც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, ისეთი მივიღეთ", - თქვა ტურავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა მოსამართლეებზე ზეწოლა გადაწყვეტილების მიღების დროს, ტურავამ უპასუხა, რომ "არ სჭირდებათ არავითარი ზეწოლა, რადგან ისედაც იციან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ".

"არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, ამის შესახებ თქვენ იქნებოდით ინფორმირებულები და ჩვენ განვაცხადებდით. ჩვენ არ გჭირდება არავითარი ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ", - ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს, 16 ოქტომბერს გამოაცხადებს. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა. ამ ეტაპისთვის ქართულ ოცნებას საჭირო მხარდაჭერა არ აქვს.

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.

 


close დახურვა